KAKHABERI | Tbilisi Fashion week 2017



თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, ქარვასლას მუზეუმში, გაიმართა KAKHABERI-ის კოლექციის ჩვენება,

სადაც  წარმოდგენილი იყო ქართული ნაციონალური სამოსის მოტივებზე შექმნილი სამოსი. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ კახაბერმა თავისი სტილით საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ამ სეზონზე  კი გადაწყვიტა მოდელებზე მოერგო ქართული კულტურით ინსპირირებული ტანსაცმელი.

ფოტოები აღებულია თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური გვერდიდან.
რამდენადაც ფოტოებზე ამჩნევთ, კოლექცია შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. სილუეტი მარტივია, რაც შეეხება იდეის ორიგინალურობას, პასუხები არაერთგვაროვანია. მაისურებზე დაპრინტული ფოტოები აუბრალოებს ისედაც სადა და მარტივ ლუქს, თითქოს ერთგვარი გამოსავალი იყო თემატიკის გამოსახატად. აღსანიშნავია მოკლე ტოტებიანი შარვალი, რომელიც მოდელს ადაბლებს. ყაბალახი კოლექციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო, რომელიც თითქმის ყველა სცენაზე მდგომს ეკეთა. 
არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ შოუს დადგმა, რომელიც ეფექტური და თვალისმომჭრელი აღმოჩნდა მაყურებლისთვის, შეიძლება ითქვას, რომ პერფორმანსმა გადაფარა სამოსის მნიშვნელობა. თუმცა მოდაში ჩახედული ადამიანი მაშინვე შეამჩნევდა მსგავსებას Rick Owens-ის 2016 წლის არაორდინალურ ჩვენებასთან.


  შედეგად, ყურადღება ექცეოდა არა ტანსაცმელს, არამედ შოუს დეტალებს. ვფიქრობ, სწორი გათვლაა ასეთი სადა სამოსისთვის. ჩვენი სუბიექტური აზრით კოლექციაში ცოტათი ყალბი და ზედაპირული დამოკიდებულება იგრძნობოდა ქართული შესამოსელის მიმართ, ვინაიდან ძველი ნაციონალური სამოსის ახლებურად მორგება არ ნიშნავს მის გაუბრალოებას, რაც სამწუხაროდ KAKHABERI-ის კოლექციაში, განსაკუთრებით  პრინტებსა და ჭიპთან გადაჭრილ მაისურებში,  ცხადად შეინიშნებოდა.

No comments:

Post a Comment